fbpx

რა ხდის დედაქალაქის გამორჩეულ უბნებს განსაკუთრებულს? ხალხმრავალი და პოპულარული ქუჩები, მისი მდებარეობა და ბინების ხელმისაწვდომი ფასი. ძირითადი მახასიათებელი კი მაინც ისეთი ადგილების არსებობაა, რომელთაც ადამიანები დასასვენებლად, გასართობად და დროის ერთად გასატარებლად სტუმრობენ. 

თუ თბილისში გადმოსვლას გეგმავთ, ან სულაც რამდენიმე დღით სტუმრობთ დედაქალაქს, გონივრული იქნება ქალაქისა და მისი უბნების შესახებ მცირე კვლევის ჩატარება. მოცემულ სტატიაში თბილისის ცენტრალური უბნები და მათი უპირატესობებია წარმოდგენილი, რაც აღნიშნულ პროცესს გაგიმარტივებთ. 

ძველი თბილისი

ძველი თბილისი დედაქალაქის ისტორიული ნაწილია, რომელიც იმ უბნებსა და დასახლებებს აერთიანებს, რომელთაც 1936 წლამდე “ტიფლისს” ეძახდნენ. აქ მდებარეობს თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა და, სწორედ ამიტომ, ძველი თბილისი უცხოეულ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. უბანი გამორჩეულად ცნობილია აბანოთუბანით – დღემდე მოქმედი გოგირდის აბანოებით, ასევე, ეკლესიებით, მუზეუმებითა და შარდენის ქუჩით, რომელიც რესტორნებს, ღია კაფე-ბარებს, ღამის კლუბებსა და გალერეებს აერთიანებს. ძველი თბილისის მთავარი ხიბლი მის განსაკუთრებულ არქიტექტურაშია – ძველი ვიწრო ქუჩები, ხის მოჩუქურთმებული სახლები და აივნები დედაქალაქის თანამედროვე იერსახესთან ორგანულ კონტრასტს ქმნის.

2007 წლიდან ძველი თბილისი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესვლის კანდიდატია.

მთაწმინდა

ამ უბნის სახელი იმ მთის სახელწოდებიდან მომდინარეობს, რომელზეც  ეს დასახლება მდებარეობს. “მთაწმინდა” თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია და მისი დაარსების ისტორია მე-6 საუკუნით თარიღდება.

მთაწმინდაზე მდებარეობს ცნობილი გასართობი პარკი “ბომბორა” და თბილისის სატელევიზიო ანძა, რომელიც ქალაქს როგორც საავტომობილო, ასევე საბაგირო გზით უკავშირდება. მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთაზეა განთავსებული ქართველ მწერალთა სახლი და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი. აღსანიშნავია, რომ სხვა უბნებთან შედარებით, ქალაქის ცენტრთან სიახლოვის გამო, ამ უბანში საცხოვრებელი ბინების ფასები შედარებით მაღალია.

ვერა

ვერა თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია, რომელიც ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ვერეს მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ უბნის სახელი ამავე სახელწოდების მდინარისგან მომდინარეობს. ვერა მოიცავს ფიქრის გორად ცნობილ მცირე უბანს, რომელიც ვარაზისხევისა და ნიკოლაძის ქუჩებს შორის მდებარეობს. ვერა ვინტაჟური სტილის ისტორიული შენობების, ბაღების, გასართობი ადგილების, კაფეებისა და ბარების მრავალფეროვან ასორტიმენტს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნეში ვერაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები გადიოდა. ეს დასახკება მნიშვნელოვნად გაიზარდა XIX საუკუნის ბოლოს და დღეისათვის თბილისის ცენტრალურ ტერიტორიას წარმოადგენს. ამ უბანში მდებარე სასტუმროები და რესტორნები უნიკალური დიზაინით გამოირჩევა და გამართული ღონისძიებებიც, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ვაკე

1906 წლის იანვარში ვაკე ოფიციალურად შეუერთდა თბილისის უბნების სიას, მაგრამ ინტენსიური განვითარება XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. დიდი ხნის განმავლობაში მელიქიშვილის ქუჩა იყო მისი თბილისის ცენტრთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, თუმცა
დღესდღეობით ვაკე დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი საცხოვრებელი უბანია.

სტატისტიკის მიხედვით, ვაკე თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული უბანიცაა და ამ მონაცემებით მხოლოდ მთაწმინდას ჩამოუვარდება. ვინაიდან ვაკე თბილისის ცენტრში, მეტრო რუსთაველთან ახლოს მდებარეობს, გადაადგილების ბევრი არჩევანია, მათ შორის ფეხით სიარული, ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ავტომობილით მგზავრობა.

საბურთალო

საბურთალო თბილისის ერთ-ერთი უდიდესი უბანია, რომელიც, მართალია, მოკლებულია ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, თუმცა გამოირჩევა დიდი რაოდენობის მაღაზიებით, რამდენიმე უნივერსიტეტით, რესტორნებით და ბიზნეს პუნქტებით. „საბურთალო“ მეტროს სპეციალური ხაზია, რომელიც მთელ რაიონს ემსახურება.

უბნის მთავარი ქუჩები პეკინისა და კოსტავას ქუჩებია, რომლებიც მოძრაობის თვალსაზრისით ქალაქში ყველაზე დატვირთულია. საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს ლისის ტბა, რომელიც ადგილობრივებისთვის უბნის ხმაურიანი ნაწილისგან თავის დაღწევის მარტივი გამოსავალია. ზაფხულის ცხელ დღეებში, კი ისტორიული იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია  როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

ჩუღურეთი (მარჯანიშვილი)

საბურთალოს მსგავსად, ჩუღურეთიც თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია, რომელიც მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. აღმაშენებლის გამზირი, ამ უბნის მთავარი ქუჩაა. მის სამხრეთ ნაწილში ევროპული დიზაინითა და ქართული ელემენტებით შექმნილი, განახლებული საფეხმავლო ზონა მოეწყო. უბნის უკანა ქუჩები მე-19 საუკუნის განსაცვიფრებელ არქიტექტურულ ნაგებობებს მალავს. 

მარჯანიშვილის უბანი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება უცხოელ ვიზიტორებშიც. ახლად რესტავრირებული აღმაშენებლის გამზირი და გასართობი მულტიფუნქციური სივრცე “ფაბრიკა” ამ დასახლებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.